პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იაპონიაში ქართული დოკუმენტური ფილმის „ჩვენი სისხლი ღვინოა“ ჩვენება მოეწყო 


25.07.2020

მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქ. ოიტაში, იაპონიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სოფო ბადიაშვილის ინიციატივითა და კინოთეატრ "Cinema 5“-ის მხარდაჭერით, გაიმართა თანამედროვე ქართული დოკუმენტური ფილმის "ჩვენი სისხლი ღვინოა / Our Blood is Wine“ ჩვენება. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში მოეწყო.

კინოჩვენების დასასრულს, იაპონელ მაყურებელს ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ თოფურიძემ წინასწარ მომზადებული ვიდეო-რგოლის საშუალებით მიმართა და მათ გაუზიარა საკუთარი შეხედულებები ფილმის, საქართველოში ღვინის წარმოებისა და ზოგადად, ქართული ღვინის თაობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, იაპონიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა სოფო ბადიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. საღამოს საპატიო სტუმარმა მასაიუკი მორიმ კი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ღვინის სფეროში, სიტყვით მიმართა მაყურებელს და მათ ესაუბრა ღვინის წარმოშობასა და ტექნოლოგიაზე.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა ელჩისა და კინოეთეატრ „Cinema 5-ის“ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება ქართული კინოფესტივალის გახსნა, რომელიც შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელიც იაპონიის გარდა მსოფლიოს კიდევ 24 ქვეყანაში ხორციელდება, მხარდაჭერილია "მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)“ მიერ პროექტ „ENIGMMA 2“-ის ფარგლებში.