საფრანგეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მიიღონ საფრანგეთის მიერ გაცემული QR კოდიანი სანიტარული პასპორტი (pass sanitaire). სანიტარული პასპორტის ქონა სავალდებულოა საზოგადოებრივ დაწესებულებებში ვიზიტისას საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე (მუზეუმი, თეატრი, რესტორანი და ა.შ.).
ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ტურისტებისათვის, ასევე, სტუდენტებისთვის, რომლებიც საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიემგზავრებიან სასწავლებლად.
უცხოური კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ სანიტარულ პასპორტზე (pass sanitaire) გადასაცვლელად, პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:
- უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის;
- უნდა იყოს აცრილი ერთ-ერთი შემდეგი ვაქცინით: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson) და ფლობდეს ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- ვაქცინის მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც. ჯონსონ&ჯონსონის შემთხვევაში კი 4 კვირა პირველი დოზიდან;
- ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ Covid-19 და მიღებული გაქვთ ზემოხსენებული რომელიმე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა;
- უკვე უნდა იმყოფებოდეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ან მიემგზავრებოდეს საფრანგეთში 2021 წლის 5 სექტემბრამდე*.
*ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სტუდენტებზე. სტუდენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants
საფრანგეთის ტერიტორიაზე 5 სექტემბრის შემდეგ შესულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
როგორ უნდა მოითხოვოთ კოვიდ სერტიფიკატის გადაცვლა?
სერტიფიკატის გადაცვლის მოთხოვით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (გარდა სტუდენტებისა):
https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etrangers
საფრანგეთში ჩარიცხული სტუდენტებისათვის:
https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants
ონლაინ მოთხოვნის გაგზავნისას, აუცილებელია ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, სადაც პირი მიიღებს ფრანგულ სერტიფიკატს, QR კოდით.
დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ამობეჭდილი ფორმით ან მობილურ აპლიკაციაში TousAntiCovid დამატებითა და გააქტიურების გზით.
დაუშვებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება რამდენიმე პირზე ერთდროულად.
განაცხადის განხილვის ვადა დადგენილი არ არის, რეკომენდირებულია ელექტრონული ფოსტის ხშირად შემოწმება. გასათვალისწინებელია, რომ პასუხი შესაძლოა მოვიდეს ელექტრონული ფოსტის ე.წ. spam განყოფილებაში.
ფრანგული სანიტარული პასპორტის მოპოვებამდე, საზოგადოებრივ დაწესებულებებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში.