პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების თაობაზე 


26.03.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი საერთაშორისო რეისების ფარგლებში, 26 მარტს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა ფრენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით. ბორტზე იმყოფებოდა 175 მგზავრი, მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები. აღნიშნულ ფრენაზე ძირითადად იმყოფებოდნენ ის მგზავრები, რომელთაც ნაყიდი ჰქონდათ ბილეთები 22 მარტის თბილისი-ვენა-თბილისის გეგმიურ რეისზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული რეისების ფარგლებში, უახლოეს მომავალში, კერძოდ, 31 მარტს შესრულდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი, იგივე პრინციპით, ანუ გამოემგზავრებიან გაუქმებული გეგმიური რეისის მგზავრები.

შემდგომ კი - განრიგის თანახმად, შესრულდება რეისები - თბილისი-ვარშავა-თბილისი (3 აპრილი), თბილისი-ათენი-თბილისი (7 აპრილი) და თბილისი-ლარნაკა-თბილისი (10 აპრილი).

აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღიდან 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდზე. რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით - თითოეულ პორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებ-გვერდებზე.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ ქართული და პოლონური მხარის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონური ავიაკომპანია „LOT“, რომელიც შეასრულებს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისს საქართველოში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასამგზავრებლად, 28 მარტს განახორციელებს ფრენას საქართველოს მიმართულებით. აღნიშნულ რეისზე ბილეთები ხელმისაწვდომია კომპანია „LOT“-ის  გაყიდვების საიტზე. აღნიშნული რეისიც შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ასევე, მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია „საქართველოს ავიახაზები“ განახორციელებს მის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისს თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.