პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელი - ორგანიზაციამ „მამული“ თანამემამულეებს წლიური ანგარიში წარუდგინა 


29.01.2020

მიმდინარე წლის 18 იანვარს, ქ. თელ-ავივში, დიასპორულმა ორგანიზაციამ „მამული“ თანამემამულეებს 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიში წარუდგინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ორგანიზაციასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელთა კონცერტი.

დამსწრე საზოგადოებას სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „კომბლე“ წარუდგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, ჯგუფმა „მანძილი“. ზეიმი საკვირაო სკოლის პედაგოგებისა და ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

დიასპორულ ორგანიზაცია „მამულთან“ არსებული ქართული საკვირაო სკოლა 2018 წლიდან ფუნქციონირებს და იგი ქ. ლოდში, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ „ქართულ სახლშია“ განთავსებული. სკოლაში ქართველი ბავშვები საქართველოს ისტორიას, კულტურას, ქართულ ენას, ლიტერატურას და მუსიკას ეუფლებიან. საკვირაო სკოლაში ასევე გახსნილია ქართული წიგნის კუთხე. რაც შეეხება თავად ორგანიზაცია „მამულს“, იგი 2017 დაარსდა და თანამემამულე ირაკლი კილაძის ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს ისრაელში მცხოვრები ქართველების გაერთიანებას და საქართველო-ისრაელის სახელმწიფოთა შორის მეგობრობისა და კულტურულ-ეკონომიკურ თანამშრომლობის განვითარებას.