პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისტორიული მოვლენა - საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა!


27.11.2019

დღეს, 27 ნოემბერს, საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის ფუნქციას საქართველო მომავალი 6 თვის განმავლობაში - 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით შეასრულებს. ეს გახლავთ ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე პირველად გახდა.

თავმჯდომარეობა საქართველომ საფრანგეთისგან გადმოიბარა. თავმჯდომარეობის გადმობარების ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა ამელი დე მონშალენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს სიმბოლურად გასაღები გადასცა.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს 4 პრიორიტეტი:

1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

„თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის სამი ძირითადი ღირებულების - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა - დაცვაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავმდჯომარეობის გადმობარების ოფიციალურ ცერემონიაზე.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა კი აღნიშნა: „მივესალმები ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობას და ვფიქრობ, ეს შესანიშნავი საშუალებაა, რათა საქართველომ შეძლოს წარმოაჩინოს თავისი მდიდარი კულტურა, ასევე საერთაშორისო არენაზე იყოს აქტიური მოთამაშე. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველო შეძლებს ორგანიზაციის ყველა - 47 წევრი ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ იმუშაოს. მადლიერებას გამოვთქვამ საქართველოს კონტრიბუციისთვის, რაც გამოიხატება ქვეყნის მიერ შერჩეული ოთხ მიმართულებაში. მე გამოვყოფდი ორ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მიმართულებას: პირველად ორგანიზაციის ისტორიაში შერჩეულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიცაა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე საკვანძო თემა - ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულებაა. აუცილებელია, ჩვენ შევძლოთ ბავშვთა დაცვა იმ სიტუაციაში, როდესაც მათ მართლმსაჯულებასთან აქვთ შეხება“.

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქ. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილი დაფის პრეზენტაცია გაიმართა. ცერემონიის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული დროშა საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაეშვა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა. ცერემონიის დასასრულს, ევროპის ჰიმნი გაჟღერდა. საქართველოს სახელმწიფო დროშა ქ. სტრასბურგის მერიასთან საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ექვსი თვე იქნება აღმართული.

ამასთან, აღსანიშნავია ქართული ანბანით გაფორმებული ფრანგული ტრამვაი, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის ქუჩებში მომავალი ექვსი თვის მანძილზე იმოძრავებს.

თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.