პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა


11.02.2021

11 თებერვალს გაიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოს და დიასპორას შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით.

შეხვედრაში მონაწილე იტალიაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის და დახმარებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა ქ. ბარიში ახალი გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკონსულო მომსახურებას.

მინისტრის მოადგილემ სისტემატური გასვლითი საკონსულო მომსახურების დაწყება დააანონსა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კვლავ გაუსვეს ხაზი მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.