პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა


16.09.2020

იტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იტალიაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაემატა გენერალური საკონსულო ქალაქ ბარიში. გენერალური საკონსულო თანამოქალაქეთა მომსახურებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყებს.

ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის რეგიონებია: პულია, ბაზილიკატა, რეჯო-კალაბრია და სიცილია.

საწყის ეტაპზე, გენერალური საკონსულო ფუნქციონირებას შეუდგება შეზღუდული საკონსულო ფუნქციებით. კერძოდ, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები და ასევე, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

აქვე შეგახსენებთ, იმისათვის, რომ ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ კონსტიტუციური უფლებით და მიიღონ მონაწილეობა 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, საჭიროა იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც ონლაინ გამარტივებული ფორმით - ვებ-გვერდ https://www.geoconsul.gov.ge/-ის საშუალებით, ისე საფოსტო გზავნილის მეშვეობით ან საკონსულოში პირადი ვიზიტით. მომსახურება უფასოა.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას. იგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს. 

 

ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: Via Vito Nicola de Nicolò, 48 - Bari 70121

ტელეფონი: +393386164952