პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის პრეზენტაცია


08.07.2020

მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდზე, პირდაპირი ჩართვის ფორმატში გაიმართა „იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის“ პრეზენტაცია.

გზამკვლევი პრაქტიკული სახელმძღვანელოა იტალიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტებისთვის და მოიცავს დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, როგორიც არის ვიზა, ბინადრობის ნებართვა და მისი მოპოვება, სოციალური დაცვა, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანდაცვა და ა.შ.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)" წარმომადგენლები, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2019 და 2020 წლების გამარჯვებულები იტალიაში.

პრეზენტაციის დასასრულს, მიგრაციისა და ბინადრობის საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა იტალიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა.

„იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი“ შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA 2 პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)".

იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი