პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული დიასპორას შეხვდა


10.03.2020

8 მარტს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გენერალური საკონსულოს თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს გენერალური კონსული თანამემამულეებს ესაუბრა გენერალური საკონსულოს საქმიანობის შესახებ, თურქეთის რესპუბლიკაში ბინადრობისა და მუშაობის ნებართვების მიღებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობასა და დიასპორისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე. აგრეთვე, დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვებ-გვერდის - www.stopcov.ge-ის შესახებ. საქართველოს გენერალურმა კონსულმა დამსწრეებს ასევე გააცნო დიასპორული ვებ-პორტალი „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“ - www.gda.ge, რომელიც სპეციალურად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის შეიქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, გენერალურმა კონსულმა შეხვედრაზე დამსწრე ქალბატონები სიმბოლურად ყვავილებით დაასაჩუქრა.