პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კახის რაიონში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ჰუმანიტარული აქცია მოეწყო


01.06.2020

26 და 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ქართული დიასპორის დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი და საკონსულოს თანამშრომლები კახის რაიონს ეწვივნენ.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, საკონსულოს თანამშრომლებთან და რაიონის ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.

გენერალური კონსული და საკონსულოს წარმომადგენლები, აგრეთვე, დაესწრნენ ქ. კახში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განსრულებასთან დაკავშირებულ წირვა-ლოცვას და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის პარაკლისს, რომელიც ჩაატარა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზმა პეტრემ (ხუმარაშვილი).

ვიზიტის ფარგლებში, ჰუმანიტარული აქცია მოეწყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც საქართველოს გენერალურმა კონსულმა დეკანოზ პეტრეს გადასცა რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი პირველადი აუცილებლობის კვების პროდუქტების პაკეტი.

აღსანიშნავია, რომ გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა შეხვედრა გამართა, ასევე, საქართველოს მოქალაქეებთან ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს მედიკოსებისა და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, რომელმაც ხელი შეუწყო ეპიდემიის გავრცელების შეჩერებას საქართველოში.