პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სტოკჰოლმში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


21.04.2022

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქალაქ სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოსა და შვედეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის ცეკვისა და სიმღერის სტუდია “ნერგების” ორგანიზებით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას 50-მდე ემიგრანტი დაესწრო, მათ შორის იყვნენ შვედეთის წმინდა გიორგის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს მღვდელმსახურები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

სათვისტომოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, ქართული ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები.

მონაწილეებს ქართული კულტურისა და ისტორიის შესახებ საელჩოს მიერ სპეციალურად დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვედეთის სამეფოში, ირაკლი ხუცურაულმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ენისა და ტრადიციების შესახებ, დამსწრე აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ საელჩო განაგრძობს და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება დიასპორასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ დიასპორელ ბავშვებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ქართული ენის შენარჩუნება.

საელჩო მიესალმება მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული დიასპორის საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დიასპორელების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას.

საელჩოს ინიციატივით, დიასპორის წევრებს, მათ შორის, საკვირაო სკოლა “ნერგების” ხელმძღვანელს, ლელა კუხიანიძეს და ქორეოგრაფს, ლიმონი ბერაიას, ასევე საკვირაო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები.

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში და საკვირაო სკოლა “ნერგები” განაგრძობენ აქტიურ თანამშრომლობას.