პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული დიასპორა ირლანდიაში“ საქართველოში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარა


22.04.2020

ირლანდიაში მოქმედი  დიასპორული ორგანიზაციის - „ქართული დიასპორა ირლანდიაში“ ორგანიზებით, ჰუმანიტარული აქცია მოეწყო საქართველოში, გურიის რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. საქველმოქმედო აქცია განხორციელდა აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლელა შურუპოვას ინიციატივით, რომელიც გახლავთ წარმოშობით ქალაქ ოზურგეთიდან და ამავე ორგანიზაციის საბჭოს წევრების - გიორგი ანთიას, ნუნუ ავგროზაშვილისა და გუცა წერეთელის მხარდაჭერით.  

ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, დახმარება გაეწიათ გურიის რეგიონში მცხოვრებ  იმ ოჯახებსა და ადამიანებს,  რომელთაც დღეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ თანადგომა. სააღდგომო ნობათი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალშვილიან ოჯახებს სახლში მიუტანეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

„მსურს მადლობა გადავუხადო ირლანდიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს თანადგომისთვის. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, კიდევ შევძლებთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გურიის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება, კერძო სექტორი, ბიზნესის წარმომადგენლები და ფიზიკური პირები აქტიურად არიან ჩართულები ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქციაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

აღსანიშნავია, რომ ქართული სათვისტომო ირლანდიაში, რომელიც 2019 წელს დაარსდა, გამოირჩევა აქტიური კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობით.