პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული დიასპორა ირლანდიაში“ საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება


04.06.2020

მსოფლიო პანდემიის ურთულეს პირობებში ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები, გარდა ურთიერთმხარდაჭერისა, აქტიურად ეხმარებიან , ასევე, საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. კერძოდ, ორგანიზაციამ  - „ირლანდიის ქართული დიასპორა“ საქართველოში, ზუგდიდსა და ფოთში, ჰუმანიტარული სახის აქცია განახორციელა. აქციის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.

მიმდინარე წლის 3 ივნისს, ჰუმანიტარული აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ერგეტასა და ცვანეში მცხოვრები რამდენიმე ათეული ოჯახის დასახმარებლად მოეწყო. აქციის ფარგლებში, სასაჩუქრე კალათები ორგანიზაცია „ირლანდიის ქართული დიასპორის“ ნდობით აღჭურვილმა პირმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიასთან ერთად, ოჯახებს ადგილზე გადასცა.

„მადლობას ვუხდი „ირლანდიის ქართული დიასპორის საბჭოს“ და მის უშუალო ხელმძღვანელობას. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი სახის ერთობლივი აქციებით, ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის დახმარებას და პანდემიით გამოწვეული ვითარების შემსუბუქებას“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ.

ორგანიზაციამ „ქართული დიასპორია ირლანდიაში“ დახმარება გაუწია, აგრეთვე, ქალაქ ფოთში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ 16 ოჯახს, რომელთაც ადგილზე გადაეცათ საკვები პროდუქტები. საქველმოქმედო აქცია განხორციელდა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლისა და მამა თევდორეს ჩართულობით და ირლანდიის ქართული სათვისტომოს ნდობით აღჭურვილი პირის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ნანა თავდუმაძის ორგანიზებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისა და თანადგომის მიზნით, ორგანიზაცია „ირლანდიის ქართული დიასპორა“ მსგავსი სახის ჰუმანიტარულ აქციებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც აქტიურად ატარებს.

„ქართული დიასპორა ირლანდიაში“, რომელსაც ირლანდიაში მცხოვრები ქართველი, ლელა შურუპოვა ხელმძღვანელობს, 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ იგი აქტიურად ეწევა ირლანდიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.