პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული ფოლკლორის შესახებ ათენში შემეცნებითი ლექცია ჩატარდა


12.11.2019

ათენში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის - განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკას"- სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქართული ფოლკლორის შესახებ შემეცნებითი სახის ლექცია ჩატარდა. ლექციას ესწრებოდნენ ორგანიზაციასთან არსებული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვების ანსამბლი-სტუდია „კავკას"-ს აღსაზრდელები და მათი მშობლები.

აღნიშნული ლექცია პირველა ჩატარდა და იგი მიზნად ისახავდა უცხოეთის ქართულ დიასპორაში, კერძოდ, ემიგრანტ ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ქართული ფოლკლორის ისტორიისა და მისი განვითარების შესახებ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ათენის ქართული ინსტიტუტისა და განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასია"-ს დამფუძნებელმა, დოქტორმა ავთანდილ მიქაბერიძემ. შეხვედრას უძღვებოდნენ ათენის ცნობილი პროფესიონალი ქორეოგრაფები - ეკა გიგოლაშვილი და შოთა ცქვიტიშვილი. შემეცნებით ლექციაზე, რომელიც საზეიმო და რიტუალურ „ქართულ ცეკვას“ მიეძღვნა, მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „ქართულ ცეკვის“ თავისებურებები - მიმიკური ჟესტების, ჩაცმულობის მნიშვნელობა, მოძრაობის დეტალები და მათი სიმბოლური დატვირთვა.

აღნიშნულმა ლექციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიერიდან, ათენში მცხოვრები ემიგრანტი ბავშვები, ქართული ცეკვისა და სიმღერის პრაქტიკული გაკვეთილების გარდა, განათლებისა და კულტურის ცენტრ - „კავკასია"-ს სავალდებულო პროგრამის ფარგლებში, თვეში ერთხელ გაეცნობიან ეროვნული ფოლკლორის თეორიას.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და  კულტურის ცენტრ „კავკასია“-ში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვების ანსამბლი-სტუდია ,,კავკასია“-ს გარდა, ასევე წარმატებით ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა, კომპიუტერული და თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელი კაბინეტი, უცხო ენების კურსები, ხატვის წრე, საჭადრაკო აკადემია და ათენის ქართული ბიბლიოთეკა. დიასპორული ორგანიზაცია - განათლებისა და  კულტურის ცენტრი „კავკასია“ 2006 წელს დაარსდა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, იგი ასევე ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას.