პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული საახალწლო კონცერტი მადრიდში


28.12.2019

24 დეკემბერს, მადრიდისა და ალკობენდას ქართული საკვირაო სკოლების ინიციატივით და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საახალწლო კონცერტი პატარა ქართველების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მიწვეულმა თოვლის ბაბუამ მადრიდში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

მაყურებლის წინაშე ქართული სიმღერებითა და ლექსებით წარსდგნენ საკვირაო სკოლა „აისის“ (ხელმძღვანელები: ლაშა ჩადუნელი და თეა ქურხული, პედაგოგი: ეკატერინე გოგოლაძე) აღსაზრდელები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ესპანეთში საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მადრიდში მცხოვრები ქართული დიასპორისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2019-2020 გამარჯვებული ესპანეთში ანა წოწონავა.

მადრიდში ქართული საკვირაო სკოლა ,,აისი”, 2012 წლის დეკემბერში, თამარ ჩადუნელ-მეტრეველმა დააფუძნა. მისივე ინიციატივით, 2018 წელს, ალკობენდაში დაარსდა კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა, რომელსაც თეა ქურხული ხელმძღვანელობს. ორივე საკვირაო სკოლა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით აქტიურად უწყობს ხელს ესპანეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.