პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული საღამო ერევანში


22.12.2019

ამა წლის 22 დეკემბერს, ქ. ერევანში, სომხეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ცენტრში, ქართულმა სათვისტომომ - „ივერია“ საახალწლო ღონისძიება გამართა. ზეიმს ივერიას“ წევრებთან ერთად, საპატიო სტუმრები - საქართველოს კონსული სოზარ კვინჩია და საქართველოდან ჩასული ცნობილი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და მხატვარი თამარ გაბროშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სათვისტომოს პრეზიდენტმა სვეტლანა ნამჩევაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ეთერი ცომაიამ და სათვისტომოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის დირექტორმა ლიანა სამადალაშვილმა. ამასთან, სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტმა და ქართული ენის პედაგოგმა ნინო სპანდერაშვილმა საზოგადოებას სათვისტომოს საქმიანობის 2019 წლის შემაჯამებელი მოხსენება წარუდგინა.

ზეიმის ფარგლებში, ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა - ნონა სარგსიანიმა, შუშანიკ გასპარიანმა, ქრიტინე ჰარუთიუნიანმა, კატარინა ხუდანიანმა და დავით მელქუმიანმა წაიკითხეს ქართული ლექსები, ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა ასევე ქართული ეროვნული სიმღერები, მათ შორის დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა დავით მელქუმიანის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „თბილისო“.

ქართული საქველმოქმედო სათვისტომო „ივერია“ / «ԻՎԵՐԻԱ» վրացական բարեգործական համայնք Հայաստանում სომხეთში მოქმედი ერთადერთი ქართული დიასპორული ორგანიზაციია. იგი 1997 წლიდან ფუქნციონირებს და მიზნად ისახავს ქართული ფოლკლორის, ენისა და ისტორიის პოპულარიზაციას სომხეთში. სათვისტომოსთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა „ივერია“და ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „იმედი“.