პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული ცენტრი ავსტრიაში“ - ვენაში ახალი დიასპორული ორგანიზაცია დაარსდა


12.10.2020

ქალაქ ვენაში  დაარსდა ახალი დიასპორული ორგანიზაცია - „Georgisches Zentrum in Österreich / ქართული ცენტრი ავსტრიაში“ და მასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა „იბერიელი“ და ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა.

„ავსტრიაში ქართული ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნებისა და ქართული ენის პოპულარიზაცია, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე, საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავება.

ცენტრის დამფუძნებლები და მმართველი საბჭოს წარმომადგენლები არიან: ნანა ცქვიტარია, მამუკა ხითარაშვილი, მარი პაპიძე, თინათინ ზამბახიძე, სოფო თავდიდიშვილი, თამილა ჯერვალიძე, სალომე სალაძე.

„ავსტრიაში ქართული ცენტრის“ მმართველი საბჭოს განცხადებით, ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ავსტრიაში არსებულ სხვა ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და იგი ორგანიზებას გაუწევს, ასევე, საქველმოქმედო სახის საღამოებს.

„ჩვენ, მის [ცენტრის] დამაარსებელ ჯგუფს, მიგვაჩნია, რომ ბოლო წლების მანძილზე დავაგროვეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, გვაქვს მაღალი მოტივაცია და ენთუზიაზმი, რათა შევქმნათ ახალი - იდეებითა და შესაძლებლობებით სავსე პლატფორმა, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, შეისწავლოს ქართული ენა, მიიღოს მონაწილეობა ქართულ-ავსტრიულ ერთობლივ პროექტებში, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში“, - განაცხადეს ცენტრის დამფუძნებლებმა.

ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებს ცენტრი სთავაზობს გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს, უცხოელებს კი - ქართულ ენის კურსებს.

ცენტრთან ფუნქციონირებს, აგრეთვე,  ქართული სკოლა „იბერიელი“, რომელიც ავსტრიაში (და სლოვაკეთში) მცხოვრებ ბავშვებს შეასწავლის ქართული ენას და ლიტერატურას, ისტორიას, საქართველოს გეოგრაფიას და რელიგიის ისტორიას. ბავშვებს ჩაუტარდებათ, ასევე, არაფორმალური გაკვეთილები ხელოვნების, კულტურისა და კულინარიის მიმართულებით. სასწავლო პროცესის ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ, აგრეთვე, მიიღონ მონაწილეობა ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებში.

ამასთან, ცენტრთან ფუქნციონირებს ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა, სადაც  ყველა ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომია როგორც ქართული წიგნები, ისე  გერმანულენოვანი ლიტერატურა საქართველოს შესახებ.

 

[ცენტრისა და სკოლის შესახებ დამატებითი სახის ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცენტრის ხელმძღვანელობას: ქართული სკოლა "იბერიელის" მისამართი: Türkenstrasse 3, 1090 Wien / ტელეფონის ნომერი: +43 6707 724 853 / ცენტრის ოფიციალური Facebook გვერდი: Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში]