პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველოლოგიის დარგში ზვიად გამსახურდიას სახ. პრემიის მფლობელი დავით ყოლბაია გახდა 


31.03.2020

31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მისი სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გამოვლინდა.პრემია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ყოლბაიას მიენიჭა.

აღნიშნული პრემია გასულ წელს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად საქართველოს მთავრობამ დააწესა და იგი განკუთვნილია ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის. პრემიის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

„დღეს, ჩვენი უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ასევე, მისი თაოსნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს აღვნიშნავთ. [...] ვულოცავთ ბატონ დავით ყოლბაიას და მადლობას ვუხდით იმ შრომისათვის, რასაც იგი ქართველოლოგიის განვითარებისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი რეპუტაციის განმტკიცებისათვის ეწევა“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ჩაატარა. საკონკურსო კომისიის წევრები კი გახლდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ქართველოლოგიის მიმართულებით მოღვაწე ცნობილი მეცნიერები.

გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი, სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო 8000 ლარის ოდენობით.