პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიოლნის უნივერსიტეტში ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა 


15.01.2020

ამა წლის 13 იანვარს, კიოლნის უნივერისტეტში, ქართველთა სტუდენტთა გაერთიანება ,,აისი“-ს ორგანიზებით, ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა. კვირეულის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“, რომელზეც გამოფენილ იქნა ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები.

ქართული კულტურის კვირეული სტუდენტური გაერთიანება ,,აისი“-ს თავმჯდომარემ, ელენე შუბლაძემ, კიოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა - დოქტორმა ვილსბერგმა და დოქტორმა ბილდჰაუერმა და ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გახსნეს.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას კი პროექტის მხარდაჭერისთვის. თავის გამოსვლაში, ლევან დიასამიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია უნიკალური ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია გერმანიაში საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში.

კიოლნის უნივერსიტეტში ქართული კულტურის კვირეული მიმდინარე წლის 22 იანვრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის:

აღსანიშნავია, რომ კიოლნის ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისი“ გამოირჩევა აქტიური საქმიანობით, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ადგილობრივი ქართველი სტუდენტების მხარდაჭერას. გაერთიანებას არაერთი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება აქვს ჩატარებული, რომელთა შორის აღსანიშნავია ქართული მუსიკის საღამოები, ქართული ფილმების ჩვენება, ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებისა თუ ქართული ხელნაწერების გამოფენები კიოლნის ბიბლიოთეკაში და ა.შ.

ამჟამად, „აისი“-ს (Georgische Hochschulgruppe „Aisi“) ხელმძღვანელია კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე შუბლაძე. გაერთიანება 2013 დაარსდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების - ნინო ბურდილაძის, მიხეილ სარჯველაძისა და ნათია გუგუნაშვილის მიერ.