პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი გერმანიაში მყოფი სამი საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად


11.05.2020

 გერმანიის ქართული სათვისტომო“ აცხადებს კონკურსს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სასწავლებლად მყოფი სამი საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ კურსზე. გამარჯვებულები საუკეთესო სტუდენტის წოდებასთან ერთად დაჯილდოვდებიან სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრიზით.

საუკეთესო სტუდენტები შემდეგ სამ სასწავლო მიმართულებაში გამოვლინდებიან:

1. მედიცინის, ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერებები;

2. სოციალური, ჰუმანიტარული, სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებები;

3. ხელოვნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 19 მაისამდე განაცხადი უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected] 

კონკურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „გერმანიის ქართული სათვისტომოს“ ვებ-გვერდს.

აღსანიშნავია, რომ „გერმანიის ქართული სათვისტომო“ ქართველი სტუდენტების ყოველწლიური დაჯილდოების კონკურსის გარდა, ასევე, ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, პროფესიული განათლების მხარდაჭერას საქართველოში, „ცოდნის ფორუმი“, რომლის ფარგლებში იმართება საჯარო დისკუსიები ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, იგი, აგრეთვე, ეწევა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას.

„გერმანიის ქართული სათვისტომო / Georgischer Veren in Deurschland“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყველაზე ძველი და ერთ-ერთი დიდი ქართული დიასპორული ორგანიზაციაა. იგი 1945 წელს დაარსდა და ამჟამად, სათვისტომოს ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლერი დათაშვილი.