პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი - სასტიპენდიო პროგრამები უცხოეთში სასწავლებლად


03.02.2020

დღეს, 3 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადდა კონკურსი უცხოეთში განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაზე. პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან ცხოვრობენ/სწავლობენ უცხოეთში. კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მიღება შესაძლებელია შემდეგ პროგრამებზე:

 

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს და რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. კერძოდ, პირი, რომელიც:

- ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;

- სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

განაცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 3 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 

სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში

საკონკურსო მოთხოვნები:

- საქართველოს მოქალაქე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი, რომლის ასაკი არ აღემატება 30 წელს;

- მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი, 

- ან სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე,

- ან სწავლობს საფრანგეთში: სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და ითხოვს საფრანგეთში მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსებას;

- ან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და ითხოვს მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

- ფლობს ფრანგულ ენას (მინიმუმ DELF - B2, TCF – B2), ან ინგლისურ ენას (მინიმუმ TOEFL – 79, IELTS – 6,5).

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 

აკადემიური პროგრამები იტალიაში

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებსაც:

- მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი,

- სწავლობენ იტალიაში, პარტნიორ უნივერისტეტში, ამ პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისთვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 35 წლის ასაკის ჩათვლით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის - ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ, პირი, რომელიც:

- ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;

- სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;

- სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე (ხელოვნება; რესტავრაცია/კონსერვაცია; ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება) და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 3 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. კერძოდ, პირი, რომელიც:

- ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს;

- სწავლობს მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე;

- სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 3 თებერვლიდან  2020 წლის 3 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 

პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის წარსადგენად (ელექტრონულად), იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდი: http://iec.gov.ge/