პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები ითანამშრომლებენ


18.09.2019

ა.წ. 18 სექტემბერს, ქ. ქუთაისში გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2020 წლის 1 სექტემბერს მიიღებს და მასთან აქტიურად ითანამშრომლებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები.

2020 წლის შემოდგომის სემესტრში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს ბაკალავრის დონის სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებს - მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. სამივე პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება და სტუდენტები ისწავლიან იმ ანალოგიური პროგრამებით, რითაც მათი თანატოლები სწავლობენ გერმანიაში. აღნიშნული აკადემიური პროგრამები მომზადდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის საფუძველზე, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს დაფუძნების დღიდან. უნივერსიტეტში, ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი  პროფესორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე აშშ-დან და იაპონიიდან. მოწვეული უცხოელი პროფესორები ლექციებს ჩაატარებენ როგორც აუდიტორიებში, ისე ონლაინ რეჟიმში. ლექციების წარმართვის ონლაინ ფორმატი ასევე საშუალებას მისცემს უცხოეთში მოღვაწე ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს აქტიურად ჩაერთონ უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში. პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულის მიზნით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოეთის ქართულ სამეცნიერო სათვისტომოსთან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე იქნება, ხოლო საპატიო პრეზიდენტი კი - მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფანგ ჰერმანი.

უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ, უნივერსიტეტს ეტაპობრივად დაემატება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და მოხდება სპეციალობების სპექტრის გაფართოება. კერძოდ, 2021-2022 წლებში უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლა, 2022-2023 წლებში დაემატება საინჟინრო მეცნიერებები და განათლება, ხოლო 2023-2024 სასწავლო წელს კი - ჰუმანიტარული მეცნიერებები და მედიცინა.

უნივერსიტეტში იქნება მულტიკულტურული გარემო, სადაც იმუშავებს ქართველი და უცხოელი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. პერსონალის შერჩევის წესი განისაზღვრება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. 

აღსანიშნავია, რომ გარდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს ისეთ წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით-სამეცნიერო დაწესებულებებთან, როგორიცაა რენის უნივერსიტეტი, აახენის უნივერსიტეტი და იულიხის კვლევითი ცენტრი.

ევროპული სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანია, ინტერდისციპლინარული პროგრამების საშუალებით, მოამზადოს ისეთი კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან მსოფლიო ასპარეზზე.

საერთო ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, მოიცავს 153 ჰექტარზე განთავსებულ საგანმანათლებლო სივრცეს. უნივერსიტეტის მშენებლობის პირველ ფაზაში, გათვალისწინებულია სამი სასწავლო კორპუსის, ოთხი საერთო საცხოვრებლის, კამპუსის სასადილოსა და ცენტრალური ბიბლიოთეკის მშენებლობა. მშენებლობის მეორე ფაზაში კი, დაგეგმილია კიდევ ორი სასწავლო კორპუსისა და ადრონული ამაჩქარებლის ცენტრის მშენებლობა, რასაც მოყვება ლაბორატორიები და საუნივერსიტეტო კლინიკა. მშენებლობის პროცესში ასევე გათვალისწინებულია მაქსიმალურად მწვანე კამპუსის შექმნა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რის შედეგადაც უნივერსიტეტს სპორტის სხვადასხვა დარგში ეყოლება საკუთარი გუნდი. 

უნივერსიტეტის მშენებლობას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიონ  ევროს შეადგენს. ფონდი „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფონდი დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო და აკადემიური წრეების, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.