პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კვიპროსის ქართულ საკვირაო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


22.09.2019

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში, ქ. ნიქოზიასა და ქ. ლიმასოლში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე საკვირაო სკოლებს ეწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ელჩმა მადლობა გადაუხადა საკვირაო სკოლების თითოეულ მასწავლებელს ფასდაუდებელი შრომისთვის, ენთუზიაზმისთვის და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია კვიპროსში რიგით მესამე ქართული საკვირაო სკოლის გახსნა ქ. პაფოსში.

საკვირაო სკოლების მოსწავლეებს გადაეცათ ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სხვა მასალები. აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სახელმძღვანელოები სპეციალურად საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლებისთვისაა განკუთვნილი და იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

2019-2020 სასწავლო წლიდან კვიპროსში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში მოსწავლეები დამატებით ახალ საგანს - სამოქალაქო განათლებას შეისწავლიან.