პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაშა დარსალიამ დიასპორის წარმომადგენლებს ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა გააცნო


28.05.2019

2019 წლის 28 მაისს, „დიასპორის ფორუმი 2019“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებისა და სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული დიასპორა ფლობდეს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ „მნიშვნელოვანი შეხვედრა არის საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან. მათ გავუზიარებთ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. მათ გავაცანით  ინფორმაცია საქართველოს  სამშვიდობო პოლიტიკასთან მიმართებაში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ 27 მაისს გაიხნა. ორდღიანი ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.