პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ლექსებით ვუმღერი ყაზბეგს და წინაპრებს“ - გიული ჩქარეულის პოეზიის საღამო ირლანდიაში


07.12.2020

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  ვირტუალურ ფორმატში გაიმართა პოეზიის საღამო „ლექსებით ვუმღერი ყაზბეგს და წინაპრებს“, რომელიც მიეძღვნა ირლანდიაში მცხოვრები გამორჩეული ქართველი პოეტის, გიული ჩქარეულის შემოქმედებას.

შეხვედრის ფარგლებში გიული ჩქარეულმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი შემოქმედება, გამოცემული კრებულები და ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.

პოეზიის საღამოს მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა. ელჩმა მადლობა გადაუხადა გიული ჩქარეულს მისი შემოქმედებისთვის, ღვაწლისთვის და იმ ეროვნული სულისკვეთებისთვის, რაც მთავარ თემად გასდევს მის პოეზიას.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ თანამემამულეები როგორც ირლანდიიდან, ასევე საქართველოდან.

 

 

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

 

„მე ვერ ვიცოცხლებ უსამშობლოდ,

არც მიცხოვრია არც ერთი წუთი,

ძარღვში ბობოქრობს ქართული სისხლი

და ყოვლის შემქმნელს მადლობას უთვლის,

რომ გამაჩინა იმ ქვეყნის შვილად,

ვისაც ფესვი აქვს ძირმაგარ მუხის,

თუნდ ზამთრის სუსხმა მოუზროს კვირტი,

გაზაფხულს მაინც მადლობას უხდის.

 

არ მიცოცხლია წლები, რომლებიც,

შემომეძარცვა უცხო მიწაზე,

მრავალი წლების მიუხედავად,

არც მან მიმიღო, ვერც მე ვიწამე.

 

არ მიცხოვრია ის წლები არა,

ეს იყო გრძელი ღამის სიზმარი,

ვერ გავხდი სხვისი შვილების დედა,

ვერ გავხდი სხვისი ქვეყნის ხიზანი...

 

ქართველი ვარ და ქართველად ვკვდები,

ეს არის ჩემი დიდი ღირსება,

ჩემს ქართველობას თუ ვუღალატე-

ქართული მიწა ნუმც მეღირსება.

 

ნუთუ სიცოცხლე ერქვა სიცოცხლეს,

ტკივილითა და ბურუსით სავსეს,

ხატთან ლოცვაში გადმოღვრილ ცრემლებს,

სანთელს უთქმელი სატკივრის დამცველს?!“

 

გიული ჩქარეული