პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ქართულ დიასპორას შეხვდა 


22.01.2020

მიმდინარე წლის 20 იანვარს, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული დიასპორული პროგრამებისა და ამ კუთხით სამინისტროს სამომავლო გეგმების თაობაზე. შეხვედრაზე ასევე წარდგენილ იქნა  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომელიც ეხებოდა ქვეყნის განვითარების პროცესს, საქართველოში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე სამომავლო ხედვებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ლიეტუვაში წარმოჩენის საქმეში. ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარებაა.

ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოს საელჩოს ინიციატივა, რომლის საფუძველზე ქ. ვილნიუსში 2016 წლიდან  მოქმედებს ქართული საკვირაო სკოლა, ვილნიუსისა და  კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის  უნივერსიტეტებში კი გახსნილია ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები. ასევე, საელჩოს ხელშეწყობით ლიეტუვაში ფუნქციონირებს ქართველი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული მომღერალთა ჯგუფი „საქართველო“, რომელიც მუდმივად იღებს მონაწილეობას ლიეტუვაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში საქართველოს წარმოჩენის მიზნით.

ლიეტუვას რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა ასევე ასოციაცია „კახეთი“, რომლის ხელმძღვანელია მსახიობი და რეჟისორი ლევან სეფაშვილი. ასოციაცია 2017 წელს დაარსდა ქ. ტრაკაიში და ლიეტუველი და ქართველი ხალხის დაახლოების მიზნით, იგი ინტენსიურად უწყობს ხელს კულტურულ-შემოქმედებითი სახის გაცვლითი პროექტების განხორციელებას საქართველოსა და ლიეტუვაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სეფაშვილის ხელშეწყობით მოხდა კედაინიაისა და თელავის ქალაქების დამეგობრება, რომლის ფარგლებში ქ. კედაინიაიში გაიხსნა თელავის სკვერი, თელავში კი - ლიეტუვას სკვერი.

ლიეტუვაში ქართული კულტურის, ენისა და ტრადიციების პოპულარიზაციის საქმეში, აგრეთვე, ჩართულია ვილნიუსში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია - ქართველთა კულტურული საზოგადოება „იბერია". ორგანიზაცია 1995 წელს დაფუძნდა სერგო ამირგულაშვილის ინიციატივით.