ლონდონის აზიის სამეფო საზოგადოებაში წიგნის „ცოცხალი ანბანი“ პრეზენტაცია გაიმართა


14 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენილის, ცირა კემულარიას ორგანიზებით, ლონდონის აზიის სამეფო საზოგადოებაში წიგნის "ცოცხალი ანბანი" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, საზოგადოების დირექტორმა პროფესორმა ალისონ ოჰთამ, პროექტის თანაავტორმა და თანაორგანიზატორმა ცირა კემულარიამ, რომლის ინიციატივით 2018 წელს დაარსდა სპეციალური ფონდი ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი არამხატვრული ლიტერატურის გამოცემის დასახმარებლად და საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა პროფესორმა გიორგი კალანდიამ.

წიგნის „ცოცხალი ანბანი“ ავტორია პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე და ის მე-18 საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერის, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის საფუძველზეა შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ სულხან-საბას აღნიშნული ხელნაწერი მე-18 საუკუნის ბოლოს ქართველი კალიგრაფის პეტრე ლარაძის მიერ არის გადაწერილი.

ხელნაწერის ორიგინალი მრავალი წელი დაცული იყო მუხრან ბატონის სასახლეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ის ინგლისელი არტ დილერის ხელში აღმოჩნდა. მისგან ხელნაწერი უილიამ ალენის კოლექციაში მოხვდა, ხოლო 1952 წელს ხელნაწერი სოტბის აუქციონზე ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკამ შეიძინა.

საყურადღებოა, რომ ხელნაწერი გასულ წელს ხელახლა იქნა აღმოჩენილი ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ ლილის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო პროექტზე მუშაობისას. მან საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ქ-ნ ცირა კემულარიასთან თანამშრომლობით ხელნაწერში საზედაო ასოებად გამოყენებული ანტროპომორფული დაზოომორფული ფიგურები ცალკე წიგნად გამოსცა, რითაც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ორიგინალი ხელნაწერის ისტორია, ისევე როგორც ქართული ანბანის შესახებ ცნობადობა გაიზარდა.

წიგნის პრეზენტაციის ღონისძიებაში მნიშვნელოვანი წვლილი ასევე შეიტანეს ბრიტანულ ქართულმა საზოგადოებამ, კომპანიებმა Walnut and Spice, Taste of Georgia და ორგანიზაციამ FaRiG.

http://mfa.gov.ge/News/londonis-aziis-samefo-sazogadoebashi-cignis-cockha.aspx?CatID=5