პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლონდონის ქართულ საკვირაო სკოლა „ლაზარეს“ სახელმძღვანელოები გადაეცა


07.07.2019

ა.წ. 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის "ლაზარეს" პედაგოგებთან და აღსაზრდელებთან.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა საკვირაო სკოლას საჩუქრად გადასცა ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები. აღნიშნული სახელმძღვანელოები სპეციალურად საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საკვირაო სკოლის "ლაზარეს" პედაგოგებთან და აღსაზრდელებთან შეხვედრაზე თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე და ისაუბრა უწყების იმ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების კავშირების გაძლიერებას სამშობლოსთან. ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს, რაც სწორედ საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერას წარმოადგენს.