პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლონდონში ღონისძიება „საზაფხულო სიმღერების ფესტივალი ქეთი მელუასთან ერთად“ გაიმართა


17.06.2019

ა.წ. 15 ივნისს, ქ. ლონდონში, „გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის“ ხელმძღვანელის, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „საზაფხულო სიმღერების ფესტივალი ქეთი მელუასთან ერთად“.

აღნიშნული ფესტივალი უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს და იგი წელს მესამედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს „გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის“ (ხელმძღვანელი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი), ხელოვნების სტუდია „გონიერის“ (ხელმძღვანელი თამარ ვეფხვაძე) და ქართული ცეკვების ანსამბლ „ფესვების“ (ხელმძღვანელი შალვა ქავთარაძე) აღსაზრდელებმა, აგრეთვე, ქართული ხალხური სიმღერების ბრიტანულმა ანსამბლმა „მასპინძელი“. საღამოს ფარგლებში, მონაწილეებმა შეასრულეს როგორც ქეთი მელუას, ისე ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები და წარმოადგინეს ნაციონალური ცეკვები.

ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი. ელჩმა „გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის“ დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს მადლობა გადაუხადა იმ მრავალწლიანი საქმიანობისათვის, რასაც იგი უანგაროდ ეწევა ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების განათლებისა და მათი სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისათვის. სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა ასევე აღნიშნა ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა პროექტის წარმატებით განხორციელებაში თავად ქეთი მელუას ჩართულობას და მის მხარდაჭერას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები.