პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


05.07.2019

ა.წ. 5 ივლისს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლებისა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.