პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მინისტრის მოადგილე ათენში "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა


19.10.2020

2020 წლის 18 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“კონკურსის გამარჯვებულებთან.

მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოს განვითარების პროცესში უცხოეთში არსებული დიასპორის როლს; ასევე, ყურადღება გაამახვილა Covid-19 პანდემიის შემდეგ შექმნილი სირთულეების დაძლევაში დიასპორის მიერ შეტანილ წვლილზე.

სტუმრებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, ელჩმა დავით დონდუამ და ყურადღება გამარჯვებული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

თავის მხრივ, შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა ისაუბრეს პროექტების განხორციელების მიმდინარე ეტაპებზე, ასევე, პროექტების სამიზნე ჯგუფების ამჟამინდელ და სამომავლო საჭიროებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში ზემოაღნიშნული საგრანტო პროგრამის გამარჯვებული მონაწილეები: ირინა მათურელი - პროექტით -„ უფასო სამედიცინო დახმარება საბერძნეთის ქართული დიასპორისათვის“; ავთანდილ მიქაბერიძე - ათენში მოქმედი ქართული ფოლკლორული ხელოვნების სტუდიების მხარდაჭერის პროგრამა პოსტ-კრიზისულ პერიოდში; ნანა თევდორაძე - ,, დიასპორული ინიციატივა - ქმედითი სოციალური ნაბიჯი 2020’’; ნანა ობოლაძე ქმედითი ღონისძიებები კრიზისის შემდგომ პერიოდში; ბექა ბექაური - Georgians.gr- ქართულენოვანი საინფორმაციო პორტალის განვითარება საბერძნეთში და აღნიშნული პორტალის მეშვეობით ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა.

ყოველწლიურ საგრანტო პროგრამას „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, საგარეო უწყება ღია კონკურსის წესით აფინანსებს დიასპორულ პროექტებს და შემდგომში ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე. 2020 წელს გამოცხადებულ კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შემდგომ კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა და სათანადო პირობების უზრუნველყოფა, აგრეთვე, ჩვენი თანამემამულეების მიერ დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

საერთო ჯამში, 2019-2020 წლებში, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულ იქნა თანამემამულეთა მიერ წარმოდგენილი 73 პროექტი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 50 000-მდე დიასპორელი შეადგინა.