პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მინსკში ფოტოგამოფენა „საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანა“ გაიხსნა


08.11.2019

ქ. მინსკში, მ. სავიცკის სახელობის სამხატვრო გალერეაში, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტისა და ქ. მინსკის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით, გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართული დიასპორის ცეკვის ანსამბლმა „მზიური საქართველო“.

გამოფენაზე წარმოდგენილია ასი ფოტოსურათი შემდეგი თემატური მიმართულებებით: საქართველოს მუზეუმებში დაცული არტეფაქტები, ქართული არქიტექტურა, ქართული ხელნაწერები, ქართული ქრისტიანული კულტურის ნიმუშები და საქართველოს ტურიზმი.

ღონსიძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ბელარუსის რესპუბლიკაში, ვალერი კვარაცხელიამ, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, მ. იასიუკიმ და ბელარუსის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, რ. სიტნიცამ.

ფოტოგამოფენის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ტრადიციული ცეკვებით წარსდგნენ ქართული დიასპორის ცეკვის ანსამბლის „მზიური საქართველო“-ს წევრები. ასევე, ბელარუსის მუსიკის აკადემიის პროფესორებმა - ლ. ორლოვამ (ფორტეპიანო) და თ. ლევიცკაიამ (ვიოლინო) შეასრულეს გია ყანჩელის ნაწარმოებები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის, ბელარუსის კულტურის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და კულტურის სფეროსა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ ფოტოგამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ექსპოზიცია მ. სავიცკის სახელობის სამხატვრო გალერეაში მიმდინარე წლის 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის გახსნითი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ გამართა მცირე მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, რომელიც საელჩოს უფასოდ გადასცა ღვინის კომპანია სს „თელიანი ველმა“. საქართველოს საელჩო მხარდაჭერისთვის ასევე მადლობას უხდის ქართული მინერალური წყლების კომპანია „ნაბეღლავს“.