პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოქალაქეები, რომელთაც ევროპის ქვეყნებში ყოფნის 90 დღე ამოეწურათ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან 


18.04.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას განცხადებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც COVID-19-ის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებში ყოფნის 90 დღე ამოეწურათ და ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „Palitra News”-ის ეთერში ისაუბრა.

მიხეილ ნინუას განმარტებით, ქართულმა მხარემ აწარმოა შესაბამისი კომუნიკაცია, რათა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც  ევროკავშირის სივრცეში 90 დღით ყოფნის შესაძლებლობაზე ვადა აქვს გადაცილებული, გადაცილებული დღეების რაოდენობა ჩაეთვალოს საპატიოდ. „ყველა ის ადამიანი, რომელსაც ვადა აქვს გადაცილებული 90 დღით ყოფნის შესაძლებლობაზე ევროკავშირის სივრცეში,  ყველა ქვეყანაში იქნება გათავისუფლებული ანუ მათ - ყველას გადაცილებული დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ. ჩვენ შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდა და მივაღწიეთ შედეგს, რომ ყველა ასეთი ადამიანი გათავისუფლებულიყო გარკვეული ჯარიმებისგან და ჩათვლოდათ საპატიო მიზეზად გადაცილებული დღეების რაოდენობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ „Palitra News”-ის გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“.

მიხეილ ნინუამ, აგრეთვე, ისაუბრა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქლაქეებისთვის დახმარების გაწევის მიზნით შემუშავებულ სპეციალურ კრიტერიუმებზე. აღნიშნულის თანახმად, საგარეო უწყება დახმარებას უწევს უცხოეთში მყოფ იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ საქართველოში დაბრუნება ან იმ თანამემამულეეებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დარჩენა და არიან მოლოდინში, დაიბრუნონ თავიანთი სამუშაო ადგილები, ან იშოვონ ახალი სამსახურები.

„იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც კრიტიკულად უდგათ საქართველოში დაბრუნების აუცილებლობა [ასეთი, ჩვენ უკვე 6435 მოქალაქე დავაბრუნეთ], მათ გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება იმ დრომდე, ვიდრე სამშობლოში დაბრუნდებიან. დახმარებაში იგულისხმება მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სამედიცინო სერვისების მიწოდება, საკვებითა და წყლით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათი ტრანსპორტირება. ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ ადგილზე დარჩენა, ჩვენ - გარკვეული პერიოდით - უზრუნველვყოფთ, რომ მათ გაეწიოთ ყველა სათანადო დახმარება, რათა შეძლონ დარჩენა ადგილსამყოფელ ქვეყანაში მანამ, სანამ დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს და გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, განურჩევლად იმისა, მათ აქვთ საქართველოში დაბრუნების თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დარჩენის სურვილი, მათ გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება“, - აღნიშნა მიხეილ ნინუამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ყველა საელჩო გადასულია 24-საათიან სამუშაო რეჟიმში და ამოქმედებულია მრავალი ცხელი ხაზი. მისი განმარტებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება, უნდა შეავსონ სპეციალური კითხვარი, რომელიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე, საელჩოების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელში, რომლის შევსების შემდეგ მყისიერად ხდება რეაგირება - მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში და მათ საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები აღმოუჩენენ შესაბამის ქმედით დახმარებას.

მინისტრის მოადგილემ, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს მიმართულებით უახლოესი პერიოდისთვის დანიშნულ ფრენების განრიგზე, რომლის ფარგლებში შერულდება შემდეგი ავიარესიები:

მიხეილ ნინუას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭო აგრძელებს მუშაობას დამატებითი ფრენების დანიშვნის თაობაზე საქართველოს მიმართულებით, რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.