პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნატა მენაბდემ გაცნობითი შეხვედრა გამართა დანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან


02.05.2022

საქართველოს ელჩმა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, ნატა მენაბდემ გაცნობითი შეხვედრა გამართა დანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

პირველ რიგში, საქართველოს ელჩმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას.

შეხვედრაზე ნატა მენაბდემ დიასპორის წარმომადგენლებს მოკლედ გააცნო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დინამიკა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ქართული დიასპორის მიერ შეტანილ წვლილსა და მომავალში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. განხილულ იქნა საელჩოსა და დიასპორას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერების შესაძლებლობები. 

ნატა მენაბდემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთების მნიშვნელობაზე და ისაუბრა საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში თითოეული ქართველის მონაწილეობის აუცილებლობას.

განხილულ იქნა უკრაინაში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

ელჩის მიმართვა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც გაჟღერდა დიასპორის წარმომადგენელთა მოსაზრებები და შეფასებები არაერთ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მათი მხრიდან წარმოდგენილ იქნა საინტერესო ინიციატივები და შეთავაზებები.

შეხვედრა დასრულდა მცირე მიღებით, რომლის დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს ჰქონდათ ელჩთან პირადად გაცნობისა და სოციალიზაციის საშუალება.