პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ-იორკში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას სახელმძღვანელოები გადაეცა


05.10.2019

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი ქართული კულტურის ცენტრ "Dancing Crane”-თან არსებულ საკვირაო სკოლას ეწვია და სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

სახელმძღვანელოები სპეციალურად საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსებისთვისაა განკუთვნილი და იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

აღნიშნული სახელმძღვანელოები მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული კულტურის ცენტრ "Dancing Crane”-თან მოქმედ საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს ქართული ენის შესწავლაში, ვინაიდან იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და ეხმარება მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში არსებული ქართული კულტურის ცენტრი “Dancing Crane Company” დაფუძნდა ჯერ კიდევ 1996 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ვიქტორ სირელსონის მიერ და დაარსების დღიდან იგი აქტიურად ეწევა ქართული ფოლკლორის, ენისა და ისტორიის პოპულარიზაციას აშშ-ში. საკვირაო სკოლისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების გარდა, ცენტრში ასევე ფუნქციონირებს თეატრალური ჯგუფები და ქართული ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი კურსები.