პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში დიასპორული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა


17.02.2020

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის ძირითად მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის დიასპორული ვებ-პორტალის - www.gda.ge - გაცნობა წარმოადგენდა, რომელიც სპეციალურად საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის შეიქმნა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა, პრეზენტაციის საშუალებით, დეტალურად გააცნო დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორული ვებ-პორტალის სტრუქტურა და მისი ამჟამინდელი შესაძლებლობები. აღნიშნული პორტალი, რომლის მიზანი ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობაა, საშუალებას აძლევს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ დიასპორის საჭიროებებზე მორგებული იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში, ასევე, მოიძიონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიგრანტისთვის საჭირო და დაზუსტებული ინფორმაცია და ზოგადად, მომხმარებელთა ფართო წრეს გააცნონ საკუთარი დიასპორული საქმიანობა.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღინიშნა მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმების არსებობის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ქართულ სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს შორის მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებას. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, გამოხატეს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა აღნიშნული ვებ-პორტალის ფარგლებში.

დიასპორული ვებ-პორტალი - www.gda.ge, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა.