პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვანკუვერში


18.02.2021

ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ ვანკუვერის სტენლის პარკში 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც კანადაში მყოფი თანამემამულეები და საქართველოს კანადელი მეგობრები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, ვირტუალურ ფორმატში, სიტყვით მიმართა და მათ, ასევე, წარუდგინა ვანკუვერში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, გიორგი იმნაძის პირველი პოეტური კრებული, რომლის გამოცემაც საქართველოს საელჩომ უზრუნველყო.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიესალმნენ, აგრეთვე, დიასპორული ორგანიზაციის პრეზიდენტი ბესო გოცაძე, მმართველი საბჭოს წევრი დავით სირაძე და უისტლერისა და პორტ მუდის ქალაქების მერები -  ჯეკ კრომპტონი და რობერტ ვაგრამოვა.

ღონისძიებაზე დამსწრეებმა ყვავილებით და საქართველოსა და კანადის დროშებით შეამკეს სტენლის პარკში ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ განთავსებული მემორიალური სკამი.

აღნიშნული მემორიალი სტენლის პარკში, 2020 წლის ბოლოს, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაციისა და კანადაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევითა და ფინანსური მხარდაჭერით, დაიდგა. 

ცნობილი ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკვერის სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს გარდაიცვალა. 11 წლის წინ, 12 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის დღეს, ნოდარმა უისტლერის ოლიმპიურ საციგაო ტრასაზე დაშვებისას მძიმე დაზიანებები მიიღო. კანადელი ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.