პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოდესაში არსებულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ "ივერია" 9 წლის იუბილე აღნიშნა 


22.12.2019

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, ქ. ოდესაში, ქართულმა კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრმა - „ივერია“ ღონისძიება „საახალწლო ზღაპარი“ გამართა, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების 9 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნული გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც „ივერიამ“ იუბილე საკუთარ შენობაში აღნიშნა, სადაც ცენტრი ამა წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს.  

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს "ივერია"-ს ხელმძღვანელმა შორენა გეგეშიძემ და ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა. ზეიმის ფარგლებში ორგანიზაციასთან არსებული საკვირაო სკოლა "ანა-ბანა"-ს ყველაზე უმცროსმა აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის სადღესასწაულო წარმოდგენები მოამზადეს. მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრით წარსდგა ახალგაზრდა ვარსკვლავი - მომღერალი ნათია ბუგრიძე.

ოდესაში არსებული დიასპორული ორგანიზაცია - ქართული კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ / Грузинский культурно-образовательный центр "Иверия" 2010 წლიდან ფუნქციონირებს. დაარსებიდან დღემდე ცენტრი აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას, ინტენსიურად აწყობს კულტურული სახის ღონისძიებებს, ასევე კონკურსებს - „მოგზაურობა საქართველოში“, ,,ჩემი სამშობლო’’ და ლიტერატურულ საღამოებს. ორგანიზაცია ოდესაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების - ჯუმბერ რომანაძეს, ვაჟა იუკურიძეს, ოლეგ ქუთათელაძესა და შოთა ხაჯიშვილის ინიციატივით დაფუძნდა, მისი ხელმძღვანელი და მმართველობის თავმჯდომარე კი შორენა გეგეშიძე გახლავთ. ცენტრ „ივერიაში“ ფუნქციონირებს ქართული მუსიკალური გუნდი (ხელმძღვანელი: გიული ჯიჯავაძე) და საკვირაო სკოლა „ანა–ბანა“ (ხელმძღვანელი: მეგი ლაშხია), სადაც რეგისტრირებულია 50-მდე ქართველი დიასპორელი ბავშვი.

ცენტრის დაარსების 9 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე, საქართველოს საკონსულოს სახელით, კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა საკვირაო სკოლა "ანა-ბანა“-ს აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა, მათ შორის რბილი სავარძლები (ე. წ. პუფები), ბიზნესმენ სერგეი რივნისა და Торговий дім Грузії- სგან კი ცენტრს საჩუქრად გადაეცა სკამები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები, ქ. ოდესაში საქართველოს კონსულის მეუღლე ნინო ბრეგვაძე, საკვირაო სკოლა "ანა-ბანა“-ს აღსაზრდელების მშობლები, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მათი უკრაინელი მეგობრები.