პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოკუპაცია დროებითია!


25.02.2021

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, თბილისი დაიკავა. ქვეყნის ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.

საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ და ქვეყნის თავისუფლების იდეისთვის უამრავი ქართველი იბრძოდა. დღეს პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, რომელთაც დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლას გმირულად შესწირეს თავი.

სამწუხაროდ, რუსეთი დღესაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.

როგორც 100 წლის წინ, ახლაც საქართველო ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგული რჩება და ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე, საქართველომ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში განსაკუთრებულია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და დიპლომატიის როლი.