პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პანდემიის ფონზე, სახელმწიფოს ორგანიზებით, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეებთან შეხვედრა


16.06.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მონაწილეობით, COVID-19 პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრა შედგა.

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში, კერძოდ, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეს იყო ძალიან სერიოზული გლობალური გამოწვევა და საჭირო იყო ამ მართლაც მძიმე და არაორდინალურ სიტუაციაში ძალიან სწრაფი რეაგირება, ვინაიდან ჩვენ საქმე გვქონდა ჩვენს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემირ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ისმენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე არსებული ამოცანების შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

ზალკალიანის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ საგარეო უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებებად განსაზღვრა: საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე ადგილზე ზრუნვა და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნება საქართველოში. „ეს იყო მართლაც ურთულესი პროცესი, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა უწყება; საჭირო იყო კოორდინირებული მოქმედება, სწრაფი მოქმედება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგა პრევენციული ნაბიჯები და ეპიდ-აფეთქების საწყის ეტაპზევე მოქალაქეები გამოყვანა პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან.

სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში ორგანიზებულად 12 700-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში კი, 21 000-ზე მეტ თანამოქალაქეს აღმოუჩინეს დახმარება. კომპანია „Georgian Airways“-თან თანამშრომლობით განხორციელდა74 სპეციალური რეისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ ავიაკომპანიები - „MyWay“ და „LOT“. ჩარტერული რეისების მეშვეობით, სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები: მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე - 483, შშმ - 34, ორსული - 102, მცირეწლოვანი - 435, ხანდაზმული - 259, სტუდენტი - 794, ონკოპაციენტი -173, ტრანზიტული მგზავრი - 1118, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით - 90.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესისა და ცალკეული ისტორიების შესახებ ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის.