პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პენსილვანიაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას სახელმძღვანელოები გადაეცა


13.10.2019

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი და საკონსულოს თანამშრომლები ეწვივნენ პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლას.

ვიზიტის ფარგლებში, საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ ქართული საკვირაო სკოლის ღია გაკვეთილს. საქართველოს გენერალურმა კონსულმა სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

შეხვედრაზე გენერალურმა კონსულმა ისაუბრა ქართული ენის შესწავლის საქმეში საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ საკვირაო სკოლების მხარდაჭერა წარმოადგენს. გენერალურმა კონსულმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები დაეხმარება სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოები „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. იგი სპეციალურად უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვისაა განკუთვნილი და მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.

პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლაში ამაჟამად 50-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ქართველი ბავშვი სწავლობს ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას.  

რაც შეეხება წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრს პენსილვანიაში, იგი 2014 წელს დაარსდა მეუფე საბა ინწკირველის მიერ და ცენტრი დღემდე აქტიურად ეწევა კულტურულ-შემოქმედებით და საგანმანათლებლო საქმიანობას.