პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოლონეთი - შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ქართული დიასპორის მმართველ საბჭოს შორის


24.01.2020

მიმდინარე წლის 22 იანვარს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დიასპორული ორგანიზაციის - „პოლონეთში ქართული დიასპორის მმართველ საბჭოსთან.

შეხვედრაზე თანამემამულეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორულ პროგრამებზე, ასევე სხვა სახელმწიფო  უწყებების მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე, განხილულ იქნა ამჟამინდელი აქტივობები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხი. მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების თაობაზე.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამა წლის 26 იანვრიდან კვლავ განახლდება სწავლა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში, რომლის ფუნქციონირება პედაგოგის არარსებობის გამო დროებით შეჩერებული იყო. საკვირაო სკოლის მასწავლებელი ამჟამად გახლავთ ვარშავას უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ელოშვილი. საკვირაო სკოლაში ბავშვების მიღება შესაძლებელია 6 წლის ასაკიდან.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „პოლონეთში ქართული დიასპორა“ უკვე მრავალი წელია აქტიურად ახორციელებს კულტურულ-სამეცნიერო სახის პროექტებს, რითაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოლონეთში ქართული სათვისტომოს გაერთიანებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და პოლონურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებას.