პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტმა შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები დააჯილდოვა


15.10.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები: მარიანა კრაიერი, ბარბარა შელევალდი და სირილ ჰერინგი. 

მარიანა კრაიერი 30 წელზე მეტია საზოგადოებრივი გაერთიანება ,,საქართველოს" წევრია შვეიცარიაში. თანადამაარსებელია თბილისის მე-6 ავტორიზებული სკოლის  და გამომცემლობა ,,ამირანის". ასევე, კიტა და აკაკი ჩხენკელების არქივის თანამფლობელი. მარიანა კრაიერი დახმარებას უწევს ქართველ ხელოვანებს, ეწევა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, ატარებს ქართული კულტურის ფესტივალებს. 

სირილ ჰერინგი იურისპრუდენციის დოქტორია, რომელმაც  ბაზელში დააარსა მხატვრების გაცვლითი პროგრამა,  რითიც დღემდე არაერთმა ქართველმა ისარგებლა. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში რეგულარულად ატარებს ლექციებსა და სემინარებს. 

ბარბარა შელევალდი ბაზელის უნივერსიტეტის ემერიტუსი და  შუასაუკუნეების ხელოვნების სპეციალისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაზელის უნივერსიტეტის სახელოვნებათმცოდნეო ფაკულტეტიდან სამეცნიერო ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში და მან, ასევე გამოსცა უმნიშვნელოვანესი კვლევა სახელოვნებათმცოდნეო პერიოდიკაში. 

დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ბერნში გაიმართა. 

პრეზიდეტმა, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს თავად გადასცა და საქართველო-შვეიცარიის ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, რომელშიც გარკვეულ ეტაპებზე ქალთა ჩართულობა და მათი როლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. 

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შვეიცარიის კონფედერაციაზე, როგორც საქართველო - რუსეთს შორის მედიატორის განსაკუთრებულ როლზე. 

დაჯილდოვებულებს  ღირსების მედლების მიღება ქართული ხალხური სიმღერითა და მუსიკალური ნაწარმოებებით მიულოცა ანსამბლმა ,,რუსთავმა" და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა დემეტრე გამსახურდიამ.