პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტი - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაიწყო


29.11.2019

დღეიდან ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ოფიციალურად დაიწყო. შეთავაზებები განკუთვნილია როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესისთვისაც. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, გამართა. პროექტი ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას, რომლის ფარგლებში დღეისთვის უმოქმედო შენობებში გაიხსნება ახალი საწარმოები, სასტუმროები და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობის მქონე დაწესებულებები.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე, წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად, შეიქმნება 2500 ახალი სამუშაო ადგილი, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

„ჩვენ ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5,7 % [...]. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს და რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ. იმისთვის, რომ მივცეთ ბიზნესს საშუალება, უფრო ძლიერად ოპერირებდეს და რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პროექტის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ აუქციონზე გამოტანილი ობიექტები წინასწარაა მომზადებული და მოხდა იმ პრობლემების გაანალიზება, რომელსაც ბიზნესი აწყდებოდა სხვადასხვა ნებართვის მიღების დროს.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.nasp.gov.ge არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.

ცხელი ხაზი: +995 32 2 98 11 11.