პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტი „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“ ესტონეთში მცხოვრები დიასპორელი ბავშვებისთვის


12.10.2019

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრში, ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით, ადგილობრივი ქართველი დიასპორელი ბავშვებისთვის განხორციელდა პროექტი „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“.

პროექტი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ძირითად მიზანს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და დაცვის საკითხებით ახალგაზრდა თაობების დაინტერესება და მათი ჩართულობა წარმოადგენს.

ღონისძიება გახსნა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ მიქაბერიძემ. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნული მიმართულებით ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაზე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მაკა თაქთაქიშვილმა პროექტში მონაწილე ქართველ ბავშვებს მიაწოდა ინფორმაცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოში მისი დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვებმა მოისმინეს ნაკლებად ცნობილი ქართული ზღაპარი, რომელიც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და თავად დაასურათეს იგი. პროექტში მონაწილე ბავშვების მიერ დასურათებული კრებული მოგვიანებით სააგენტოს მიერ დაიბეჭდება და იგი პროექტში ჩართულ ქართველ დიასპორელ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემა.