პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რიგაში ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, გოჩა ხუსკივაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


02.06.2019

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ქ. რიგაში, ელკორის სუვენირების მაღაზიის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ლატვიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, გოჩა ხუსკივაძის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.

ქართველი მოქანდაკე და მხატვარი გოჩა ხუსკივაძე 1994 წლიდან მოღვაწეობს ქ. რიგაში და მას მრავალ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ გარდა შემოქმედებითი მოღვაწეობისა, იგი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ლატვიაში საქართველოს საელჩოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში, სადაც თანამემამულე მოზარდებს ასწავლის ხატვას. მისმა აღსაზრდელებმა უკვე საქართველოში გამართულ გამოფენებშიც მიიღეს მონაწილეობა.

გოჩა ხუსკივაძის გამოფენამ ხელოვნების ექსპერტებსა და დამთვალიერებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ქალაქ რიგის ელკორის სუვენირების მაღაზიის საგამოფენო დარბაზში, მიმდინარე წლის 15 ივნისამდე გაგრძელდება.