პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ემიგრანტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ


30.11.2020

ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, საბერძნეთში საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ უფასო სამედიცინო კონსულტაციები.

ქართველ ემიგრანტებს შესაბამისი სახის კონსულტაციებს საბერძნეთის რესპუბლიკის სამედიცინო სფეროში მოღვაწე თანამემამულე ექიმები გაუწევენ.

ქართველი ექიმები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს/გამოკვლევებს შესთავაზებენ საბერძნეთში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევას და შესაბამისად, ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე პირადად შეხვდა აღნიშნულ პროექტში ჩართულ ქართველ ექიმებს და მათ მადლობა გადაუხადა ემიგრანტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციების გამართვის თაობაზე გენერალური საკონსულოს მიერ ინიცირებულ პროექტში მონაწილეობისათვის. საქართველოს გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ საბერძნეთში მოღვაწე თანამემამულე ექიმების მხარდაჭერა და თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის.

 

პროექტის ფარგლებში, შესაბამისი სახის სამედიცინო კონსულტაციის მიღების მიზნით, წინასწარი ჩაწერა დაინტერესებული თანამემამულეებისათვის შესაძლებელია ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +306973462002 / +306955737000. წინასწარი ჩაწერა იწარმოებს საბერძნეთის რესპუბლიკაში საყოველთაო კარანტინის დასრულებამდე.