პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში საქართველოს ელჩი ორგანიზაცია „ივერონის“ წარმომადგენლებს შეხვდა


16.07.2020

მიმდინარე წლის 15 ივლისს,საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით დონდუამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიასპორული ორგანიზაციის -ივერონის“ხელმძღვანელებთან, ნატალია კაპანაძესთან და დავით დოლიძესთან. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საბერძნეთში მყოფი ქართული დიასპორისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, პანდემიის ფონზე, ადგილობრივი ქართული დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების განხილვას და მათი დაძლევის საქმეში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოსა და საბერძნეთის მიერ გაწეულ ძალისხმევას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით, რის შედეგადაც ორივე ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი COVID-19-ის პანდემიის პირველ ეტაპს; ამასთან, ხაზი გაესვა პანდემიით გამოწვეულ ურთულეს პირობებში ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობასა და მათ წვლილს საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისა და დახმარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის პრობლემა, რომლის წინაშეც დგანან ჩვენი თანამემამულეები ადგილსამყოფელ ქვეყანაში, რეგულარული ავია-მიმოსვლის აღდგენის გადადების გამო, მაგრამ ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა სწორედ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება.

შეხვედრაზე, აგრეთვე, დასახულ იქნა საქართველოს საელჩოსა და ორგანიზაცია „ივერონს“ შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.