პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში საქართველოს ელჩი თანამემამულეებს დიასპორის საერთაშორისო დღეს ულოცავს 


14.10.2020

ძვირფასო თანამემამულეებო, საბერძნეთში მცხოვრებო ქართველებო,

დღეს მსოფლიოში აღინიშნება დიასპორის საერთაშორისო დღე. დიასპორა ბერძნული სიტყვაა და უცხო მიწაზე მიმოფანტული თანამემამულეების გაერთიანებას გულისხმობს. სწორედ გაერთიანება, ერთად დგომა, ერთმანეთის ჭირის და ლხინის გაზიარება აძლევს საშუალებას უცხო მიწაზე მცხოვრებ ქართველებს არ მოსწყდნენ სამშობლოს.

რა თქმა უნდა, გულსატკენია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ამდენ ქართველს მოუწია უცხო მიწაზე გადასახლება, რათა ოჯახი გამოეკვება. ეს გმირობაა და მსურს ქედი მოვიხარო ამ ადამიანების გაბედულების წინაშე. სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი დიასპორა. დიასპორა, რომელიც სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს, ძლიერდება, ინტეგრირდება ბერძნულ საზოგადოებაში და საკუთარ სათქმელს ამბობს.

მისასალმებელია, რომ დღეს საბერძნეთში ფუნქციონირებენ ქართული დიასპორული ორგანიზაციები, საკვირაო სკოლები, ბაგა-ბაღები, კულტურის ცენტრები, თეატრალური დასი, ლიტერატურული სალონი, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ტრადიციული ქართული რეწვის სახელოსნო დ სხვ. ყოველივე ეს აუცილებელია, რათა სამშობლოსგან მოწყვეტილმა ადამიანმა არ დაკარგოს ეროვნული სული, არ დაკარგოს ქართული იდენტობა.

დღეს, თავს მეც ამ დიასპორის ნაწილად ვთვლი და ის, რომ საბერძნეთის ქართული დიასპორა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართულ დიასპორებს შორის - ეს, თქვენთან ერთად, მეც მიმსუბუქებს სამშობლოსგან განშორებას.

ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხოლო მასზე ზრუნვა კი - ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი. შესაბამისად, ათენში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტიც სწორედ ქართულ დიასპორასთან აქტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა გახლავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად, მუდმივად განვიხილავთ ქართული ემიგრაციისთვის საჭირბოროტო საკითხებს. საბერძნეთში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად ვხვდები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა არაერთი საგულისხმო საკითხი და პრობლემა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ ქართველ ემიგრანტებს და დავეხმაროთ მათ სიძნელეების გადალახვაში. ამ დროის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება.

საბერძნეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ათასწლეულებს ითვლის. მას შემდეგ კი, რაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ეს ურთიერთობა და კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა. დღეს, ჩვენ საბერძნეთთან წარმატებით ვთანამაშრომლობთ პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა მრავალ სფეროში. სწორედ ამიტომაც, საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ქართულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საელჩო გახსნა და დღეს, თქვენ ყველანი, ჩვენთან  - საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს ელჩები ხართ ბერძნულ მიწაზე! ამდენად, დღეს, საქართველოსადმი ბერძნული საზოგადოების კეთილგანწყობა თქვენი დამსახურებაც არის.

მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის, იმ ყველაფრისთვის, რასაც საბერძნეთში აკეთებთ მშობლიური ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად და ამ ქვეყანაში საქართველოს უკეთ წარმოსაჩენად.  

ძვირფასო თანამემამულეებო, ქართული დიასპორის წარმომადგენლებო,

გილოცავთ კიდევ ერთხელ დიასპორის საერთაშორისო დღეს და ასევე, სვეტიცხოვლობას! სულიერ ძლიერებას და მხნეობას გისურვებთ.

 

საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა