პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით დონდუას საახალწლო მიმართვა თანამემამულეებისადმი


29.12.2020

ძვირფასო თანამემამულენო,

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას. ჯანმრთელობის, მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2021 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

წლევანდელი წელი მთელი მსოფლიოსთვის ახალი და უცნობი გამოწვევებით აღმოჩნდა დატვირთული. პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. ამ სიტუაციაში კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ ერთმანეთის გვერდში დგომის საჭიროება თუ აუცილებლობა, გამოვცადეთ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ურთიერთთანადგომას.

მსურს მადლობა გადავუხადო საბერძნეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებს, პედაგოგებს, იურისტებს, სულიერ მამებს, უკლებლივ ყველა თქვენგანს - ამ რთულ პერიოდში ერთმანეთის მიმართ გამოხატული თანადგომისთვის, რამაც უფრო მეტად გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა.

ცალკე გამოვყოფ სამედიცინო სფეროს მუშაკებს და მადლობას გადავუხდი მათ გმირული შრომისთვის. განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიებ ქალბატონ ირინა მათურელს და ექიმების მის ჯგუფს. აქვე, მადლობას ვუხდი ბერძენ ექიმებს, რომლებმაც არაერთ ჩვენს თანამემამულეს აღმოუჩინეს დახმარება.

მსურს ხაზი გავუსვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში.

აქვე აღვნიშნავ პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოსა და საბერძნეთში ქართული დიასპორის სამაგალითო თანამშრომლობას და მიღწეულ შედეგებს. ეს ეხება როგორც პანდემიის პირველი ტალღის დროს ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას, ასევე მათ მედიკამენტებით, საკვებით, თავშესაფრითა თუ საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას. იყო კერძო ინიციატივებიც - როგორც დიასპორულმა ორგანიზაციებმა, ისე ცალკეულმა პირებმა დახმარების ხელი გაუწოდეს გაჭირვებაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველას ამ ღირსეული საქციელისთვის.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეებისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახერხა და წელსაც დააფინანსა დიასპორული საგრანტო პროექტები, მათ შორის, ექვსი პროექტი საბერძნეთის რესპუბლიკიდან [„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამა 2020-ის ფარგლებში]. წლევანდელი პროექტები მიზნად ისახავდა კრიზისულ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის დახამარების აღმოჩენას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე, მოქმედი დიასპორული გაერთიანებების ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობას.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. საბერძნეთის რესპუბლიკაში წელს ეს პატივი კონსტანტინა დოლიძეს ჰქონდა, რომელიც საინტერესო იდეებითა და პროგრამებით დახუნძლული შეუდგა საქმიანობას. პანდემიამ არც მას მისცა საშუალება ყველა ჩანაფიქრი ბოლომდე განეხორციელებინა, თუმცა მიუხედავად კარჩაკეტილობისა, მან მაინც ბევრის გაკეთება მოახერხა და მსურს მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება შემდგომ საქმიანობაში. მომავალ წელსაც გვეყოლება „ახალგაზრდა ელჩი“ და მოგიწოდებთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობთ საბერძნეთის რესპუბლიკაში და ხართ საქართველოს მოქალაქეები, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, წარმოადგინოთ თქვენი ხედვა და პროგრამა და აქტიური წვლილი შეიტანოთ საბერძნეთში ჩვენი სამშობლოს უკეთ წარმოჩენაში!

აქვე, მსურს მივმართო ჩვენს სტუდენტებს, თქვენთვისაც რთული წელიწადი იყო, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი  წლიდან თქვენც დაუბრუნდებით სტუდენტური ყოფის და სწავლის ჩვეულ რეჟიმს. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც საბერძნეთის ხელისუფლება და ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებები გთავაზობენ. აკი, ჩვენს წინაპრებსაც სწორედ საბერძნეთიდან მოჰქონდათ ცოდნა და სიბრძნე?!

საბერძნეთში ჩემი საქმიანობის დაწყებაც რთულ პერიოდს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოვახერხეთ, საელჩოს მუშაობა მაინც შეაფერხა არსებულმა შეზღუდვებმა. იმედია, მომავალ წელს შევძლებთ სრული მასშტაბით განვახორციელოთ ყველაფერი, რაც დაგეგმილი გვქონდა თუ  გვაქვს. ამ კონტექსტში, მსურს გამოვყო მხოლოდ ერთი საკითხი - დაწყებული გვაქვს მუშაობა საბერძნეთში მართვის მოწმობების მისაღებად გამოცდის ქართულ ენაზე ჩაბარების თაობაზე. რომ არა პანდემია, ამ საქმეს წელსვე დავასრულებდით. იმედი მაქვს, მომავალ წელს აღნიშნულს ხელს აღარაფერი შეუშლის.

ძვირაფასო თანამემამულენო, საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებო,

ახალ წელს ჩვენ ყველანი იმედებითა და სიკეთის ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით და გისურვებთ, რომ ეს მოლოდინი ყველას გაგვმართლებოდეს. პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ და მჯერა, რომ ერთად დგომის ამ გამოცდილებით მომავალშიც ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ!

დავით დონდუა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში